14 ივლისს თემურ ქეცბაია კიდევ ერთხელ გავიდა მინდორზე როგორც ფეხბურთელი - მისი ბოლო მატჩი იყო. კვიპროსულ ლარნაკას სტადიონზე ქეცბას ლამაზი საღამო დაუდგეს - მეგობრებთან, მათ შორის, რევაზ და არჩილ არველაძეებთან, გიორგი ნემსაძესთან, გოჩა ჯამარაულთან, სოსო ჭედიასთან, კახა ცხადაძესთან, მურთაზ შელიასთან და გიორგი ქინქლაძესთან ერთად გააგორა ბურთი.
ისე როგორ იქნებოდა, ამ ლამაზ თამაშში, რომელიც მისმა არაკვიპროსელმა მეგობრებმა 6:4 მოიგეს, თემურს გოლი არ გაეტანა და მან თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოახერხა კიდევაც გოლის შეგდება...
მხურვალე ტაში, ბევრი მოფერება, დიდი სიყვარული - ასე გააცილეს ქეცბა...
“- ეს დღე ჩემთვის ადვილი არ ყოფილა. ადამიანი რომ საყვარელ საქმეს ეთხოვება, ყოველთვის ნაღველი რჩება, მაგრამ დიდი სიხარული მაჩუქეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ”,- აღნიშნა თემურ ქეცბაიამ. “- ამ საჩუქრით დავამთავრე ფეხბურთელის კარიერა და ამაყი ვარ: ხალხს ვუყვარვარ, ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს...”