საქართველოს თასის ორგზის მფლობელი თბილისის “ამერი” დღეს უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებურების მეტოქე პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი “ბელხატოვია”.
ამერელები გუშინ დილით ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ პოლონეთს. ბელხატოვთან უახლოესი აეროპორტი ლოძშია და გიორგი ჩიხრაძის გუნდი სწორედ იქ ჩაფრინდა. ლოძიდან გუნდი ავტობუსით ჩავიდა დანიშნულების ადგილას და გუშინ საღამოს ივარჯიშა კიდეც.
“ამერის” მთავარმა მწვრთნელმა პოლონეთში 21 ფეხბურთელი იახლა. მათ შორის არ არიან ტრავმირებული ფორვარდები რატი წინამძღვრიშვილი და ბესიკ ჩიმაკაძე... სამაგიეროდ ჩიხრაძის განკარგულებაში არიან ახალწვეულები, მცველი მიხეილ კობაური, ნახევარმცველი კობა შალამბერიძე, ფორვარდები რევაზ გოცორიძე და ბაჩანა ცხადაძე. კიდევ ერთი ახალწვეული, განაპირა ნახევარმცველი არჩილ ალავიძე ამჯერად გუნდს ვერ დაეხმარება. ის შარშან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამოა დისკვალიფიცირებული.
“ბელხატოვთან” მატჩისთვის “ამერი” კარგად მოემზადა. გუნდმა ჩეხეთში, ბლანშში ორკვირიანი შეკრება გაიარა და ჩეხეთის უძლიერეს გუნდებთან ექვსი საკონტროლო მატჩი გამართა. ჩვენებურებმა ამ ექვსიდან სამი მოიგეს, ორი წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს.
თბილისში დაბრუნებულმა “ამერმა” საგურამოს ბაზაზე განაგრძო მზადება, თან უეფას თასზე მეტოქის ავან-ჩავანის შესწავლაც მოასწრო - “ბელხატოვის” თამაშების ვიდეოფირების ცქერას გიორგი ჩიხრაძემ დიდი დრო დაუთმო.
დღეს მატჩი თბილისის დროით 24 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და მას ერთ-ერთი პოლონური არხი გადასცემს.